თანამედროვე განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლება მორგებული იყოს თითოეულ მოსწავლეზე. ეს, რა თქმა უნდა არ გულისხმობს მოსწავლეების ცალცალკე დასმას და აბსოლუტურად სხვადასხვა დავალებების მიცემას. ძირითადად ინდივიდუალიზაცია შესაძლებელი ხდება ისეთი დავალებებით, რომლებსაც ერთი ცალსახა პასუხი, ამოხსნა ან პრობლემის გადაჭრის გზა არ აქვთ. ასეთი დავალებების მიცემა გამოცდილი მასწავლებლებისთვის სირთულეს არ წარმოადგენს. რთულია ისეთი დავალების მიცემა, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებისგან მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილების მიღებას სწავლის პროცესში. მაგ. მასწავლებელს უნდა, რომ მოსწავლეებში განავითაროს პოზიტიური დამოკიდებულება ბუნებრივი გარემოს მიმართ. ზოგი მოსწავლისთვის რთულია ლაშქრობებში მონაწილეობა ჯანმრთელობის გამო. ზოგი მოსწავლე თავს არაკომფორტულად გრძნობს მაშინ, როდესაც ცხოველებთან აქვს ურთიერთობა. ზოგი მოსწავლესთვის წარმოუდგენელია ფეხით რამოდენიმე საათის განმავლობაში გადაადგილება, რადგან მიჩვეულია ტრანსპორტს. ზოგიერთი მოსწავლე კი იმის გამო, რომ შეჩვეულია სახლში ცხოველების ყოლას ვერ ახერხებს იმის გარკვევას, თუ სად მთავრდება საკუთარი ეზო და სად იწყება ის გარემო, რომელიც საზიაროა სხვებთან. ასეთ პირობებში მასწავლებლისთვის რთულია, რაიმე ერთი მიდგომა ჰქონდეს მოსწავლეების მიმართ. შესაძლებელია ერთი მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი იყოს, რომ დააკვირდეს მცენარეებს, მეორე მოსწავლისთვის კი მნიშვნელოვანი იყოს, რომ ცხოველებს შეეხოს. სხვა მოსწავლისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს, რომ ისწავლოს უსაფრთხოების წესები. სწორედ ამ პრობლემის გადჭრაში შესაძლოა მასწავლებელს კომპიუტერული ტექნოლოგიები დაეხმაროს. ინტერნეტის გამოყენებით ხელმისაწვდომი ხდება მრავალი ინფორმაცია, რომელიც ბუნებრივი გარემოს შესახებ შეიძლება საინტერესო იყოს მოსწავლისთვის. არსებობს მრავალი საინტერესო ფოტო, ტექსტური თუ ვიდეო მასალა, რომელიც შეიძლება მარტივად მოვიძიოთ. ინტერნეტის გვერდების გარდა, არსებობს მრავალი პროგრამა, რომელიც გვეხმარება ბუნებრივი გარემოს სიმულირებაში. არსებობს პროგრამები, რომლებიც შესაძლებელს ხდის, რომ ვირტუალურად შევისწავლოთ მცენარეები, ”გავზარდოთ” ან ”მოვუაროთ” ცხოველებს, დავაკვირდეთ მათ. არსებობს თანამედროვე პროგრამები, რომლებიც გვეხმარება ვირტუალურად ცდების ჩატარებაში, ინფორმაციის დახარისხებასა და ანალიზში.
თანამედროვე სასწავლო პროგრამების უმეტესობა, არა მხოლოდ რაიმე ახალი გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს მოსწავლეს, არამედ იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ ეს გამოცდილება სხვას გაუზიარო. პროგრამების ასეთ ტიპებს პირობითად სოციალურ პროგრამებსაც უწოდებენ. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეინახონ საკუთარი ნამუშევრები, გაუზიარონ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს. მოსწავლეებს შეუძლიათ შეადგინონ საკუთარი ნამუშევრების კრებულები, რომლებსაც დროდადრო დაუმატებენ ახალს. მასწავლებელსაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ნახოს თუ რას აკეთებდა მოსწავლე წინა კლასში სწავლისას და მიადევნოს თვალი მის პროგრესს კონკრეტული საგნის, ან უნარის მიხედვით.
მოსწავლეების შეფასება
ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეების შეფასებაში ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპიუტერული პროგრამები არა მხოლოდ მოსწავლეების შეფასების შედეგების შენახვა-კლასიფიცირებისა და ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე განათლების სისტემებში სულ უფრო ხშირად გამოიყენება კომპიუტერების გამოყენება სხვადასხვა ტიპის შეფასებისთვის. ნაწილი ამ შეფასებების შესაძლოა გამოყენებულ იქნას მოსწავლეების სპეციალური საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის. მოსწავლე შესაძლოა თამაშობდეს საინტერესო თამაშს კომპიუტერზე, სადაც მას მოეთხოვება მეხსიერების გამოყენება, წესებისა და ფიგურების ამოცნობა, ტექსტით მანიპულირება. ამ თამაშის მიღმა კი სინამდვილეში დიაგნოსტიკური ტესტია, რომლის შედეგებიც მასწავლებელს ეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად აქვს მოსწავლეს პრობლემა მაგ. ყურადღების კონცენტრირებაში, საკუთარი ემოციების მართვაში, რაოდენობრივ აზროვნებასა თუ წიგნიერების მხრივ.
თანამედროვე განათლების სისტემები სულ უფრო ხშირად იყენებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს მოსწავლეების ტესტირებებისათვისაც. მრავალი ტესტი (მაგ. ისეთი, როგორიცაა ჩვენთან ერთიანი ეროვნული გამოცდები) ტარდება არა ქაღალდზე კითხვარების შევსებით, არამედ კომპიუტერებთან. ეს ძალიან აჩქარებს ტესტების შედეგების გამოთვლის პროცესს და ასევე ტესტირების შედეგების ანალიზის მრავალ შესაძლებლობას იძლევა. თუ ტესტირება ქვეყნის მაშტაბით ტარდება, მაშინ სკოლებს ინტერნეტის მეშვეობით აქვთ საშუალება, რომ საკუთარი შედეგები მიაწოდონ ცენტრალიზებულ მონაცემების ბაზებს. ამასთან ერთად ამ სკოლებს აქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ საკუთარი შედეგები შეადარონ რაიონულ, ან ქვეყნის მაშტაბით მიღწეულ შედეგებს.
მოსწავლეების შეფასების სისტემები, რომლებიც ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში ინერგება გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას იმისთვისაც, რომ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების აღრიცხვა იყოს რეგულარული და მრავალმხრივი გამოყენების. ტექნოლოგიების გამოყენებით, მშობლებს აქვთ საშუალება ყოველდღიურად იცოდნენ, თუ როგორ სწავლობს მისი შვილი, თუ რა რჩევებს აძლევენ მას მასწავლებლები. სკოლის ხელმძღვანელობას აქვს შესაძლებლობა ანალიზი გააკეთოს იმის, თუ რა მდგომარეობა სკოლაში მოსწრების მხრივ, დამატებითი რესურსები სწავლებისას და ასე შემდეგ.
Комментариев нет:
Отправить комментарий